Tuesday, March 8, 2011

უბრალოდ პოსტი ...

ჩემი პირველი პოსტია და სიმართლე გითხრა არც კი ვიცი რა დავწერო, სწორედ ამიტომ ჩემს ძველ ჩანაწერს ამოვქექავ და აქვე ადრე გადმოფრქვეულ მწვანე აზრებს დავაფრქვევ. >>>>>>>>>>>>
დაღლილი ხარ და უბრალოდ არაფერზე ფიქრი არ გინდა, მხოლოდ დასვენება ტრიალებს თავში, ამ დროს "სულიერად დასვენება მინდაო" ამბობენ, რთავენ მუსიკას, წვებიან დივანზე და უბრალოდ აზრთა დინებას მიყვებიან.
მაშინ, როცა რომელიმე ქვეყნის, ქალაქის, ქუჩის, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში ვიღაც ასეთ მგომარეობაში წევს ჰგონია, რომ მისი მსგავსი ქვეყნად არავინ არის და არსებობენ მხოლოდ ის და მუსიკა... "ყველაფერი კარგად იქნება" - უთქმელად გულისხმობენ ნოტები, ბგერები, მელოდია. ამ ერთის მსგავსად სხვა ქვეყნის, ქალაქის, ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის ბინაში წევს კიდევ ერთი, მუსიკას უსმენს და ფიქრების დინებას მიჰყვება, თვითონაც ვერ აცნობიერებს, რომ ამ დინებას კიდევ მილიონობით მისნაირი მისდევს. რა აერთიანებთ მათ? მუსიკა! ამ ერთი სიტყვით ყველაფერი ნათქვამია. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება საყვარელი სიმღერების გარეშე, ალბათ შენც ვინც ახლა ჩემს ნაწერს კითხულობ.
საქმე იმაშია, რომ ზედმეტად სულსწრაფი ვარ და ყველაფერი უცებ და ერთად მინდა, ასე არ გამოდის და მერე დეპრესიულ ხასიათზე ვდგები, მგონია, რომ ჩემი არსებობა სრული იდიოტიზმია,არაფერი არ გამომდის, მიზანიც კი არ მაქვს. მაგრამ მაინც ვცხოვრობ და არა ვცოცხლობ, ვმოძრაობ და არა ვდგავარ, მიმყავს და არა მივყავარ. ჩვენ ყველას ჩვენი ცხოვრება მიგვყავს, ბეჭებზე გვაქვს მოკიდებული და ზოგიერთი ჩვენგანი მირბის, ზოგი სწრაფი ნაბიჯით მიდის, ზოგნი სეირნობენ, ზოგიც ადგილიდან ვერ იძვრის ისე ამძიმებს ცხოვრება. და მაინც ყველას თავისი მუსიკა აქვს, მუსიკა არა პირდაპირი გაგებით არამედ, როგორ გითხრა... შინაგანი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი აქვს და რომელიც ნოტია მთელი სამყაროს მიერ შექმნილი და დაკრული ნაწარმოებიდან, უნიკალური ნოტი, რომლის არ არსებობა მთელ სამყაროს ხმიანობას გააფუჭებს და დაანგრევს...
ისე იცი, ადამიანების გარდა გრძნობებიც მღერიან, გამოსცემენ მუსიკას, ალბათ ხშირად გითქვამს: სიყვარული მღერის - თუ არა გეტყვი, რომ მე მითქვამს, ჩემთვის სიყვარული მღერის, როცა მორიკონეს ერთ-ერთ ნაწარმოებს playing love ვუსმენ (The legend of  1900 -ის საუნდტრეკია), მაშინ ვგრძნობ სიყვარულის ხმას, გაბრაზებას თავისი მუსიკა აქვს, მოწონებასაც სხვათაშორის...
მგონი ძალიან გამიგრძელდა ჩემი ფილოსოფიის ფრქვევა, ერთი რამ არ მითქვამს, რა ხასიათზეც არ უნდა იყო, როგორ დეპრესიულადაც არ უნდა გრძნობდე თავს, ჩართე... უბრალოდ ჩართე და უსმინე, რადგან მუსიკა ყველგან არის და ყველაშია...

No comments:

Post a Comment